გამოფენა “ისტორიის მწვანე ფურცლები”- ტყის საერთაშორისო დღე

დღეს, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ Your Forest-ის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამოფენა „ისტორიის მწვანე ფურცლები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები და ისტორიული საბუთები ტყის შეწირვის, ტყით სარგებლობის შესახე.ასევე მინიატიურები, სადაც გამოსახულია ტყის საფარის შექმნა, ფლორა და ფაუნა. გამოფენის სტუმრებს ასევე შეუძლიათ იხილონ ხევსურეთში არაბულების ოჯახში დაცული, მე-19 საუკუნის დოკუმენტი, რომლის თანახმად ზვავისგან და მეწყერისგან დამცავ ტყეებში ხის მოჭრა აკრძალული იყო და თუ ვინმე ამ აკრძალვას დაარღვევდა სოფლის სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა. როგორც ფონდ Your Forest-ის დირექტორის მოადგილე ირაკლი ერაძე აღნიშნავს, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი ხევსურეთის მოსახლეობამ შეადგინა, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მაღალი იყო მაშინდელ მოსახლეობაში გარემოზე ზრუნვის კულტურა და რამდენად სწორად ჰქონდათ გააზრებული მათ ტყის მნიშვნელობა. „ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული მასალები, რომელიც მწვანე გარემოს ეხება. გამოფენის მიზანია საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ უვლიდნენ ძველად საქართველოში ტყეებს და გარემოს, როგორი იყო ტყის განკარგვის სისტემა და რამდენად სწორად ჰქონდათ გააზრებული მწვანე გარემოს მოვლის აუცილებლობა. დღეს სამწუხაროდ ტყის დაცვის და შენარჩუნების კუთხით ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. ბოლო 15 წელიწადში საქართველოს ტყეების თითქმის ¼ განადგურდა. ხეების დაავადებები და ხე-ტყის მასიური ჭრა ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. ჩვენი ფონდი ტყეების აღდგენის მიზნით კონკრეტული პროექტის განხორციელებას იწყებს, თუმცა ვერც ჩვენ, ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია, ან სახელმწიფო ცალკე და ერთად აღებული ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისა და გარემოსადმი მენტალურად მართებული დამოკიდებულების გარეშე”-აღნიშნავს ირაკლი ერაძე. მისი თქმით, ამიტომაა ფონდ Your Forest-ისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა გარემოზე ზრუნვის მიმართ. მსგავის ტიპის ღონისძიებების გამართვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება



Facebook
YouTube
EnglishUSA