24 მარტს ფონდი Your Forest-ი ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაციას გამართავს

24  მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარე ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის საკვლევ სადემონსტრაციო ბაზაზე,  ფონდ Your  Forest-ის ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის  აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება.

 

ფონდის განმარტებით, აგრო-კლიმატური  სადგურების ქსელის დანერგვა   საქართველოს აგროსექტორში მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინი სადგურების მიერ დამუშავებული ინფორმაცია  მოსავლის დაზიანების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს  და მოსავლიანობის ეფექტურ ზრდას განაპირობებს.

ფერმერი ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას  კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სავარგულის ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექების რაოდენობის  და ამინდის მოსალოდნელი ცვალებადობის  შესახებ.

 

როგორც ფონდ Your Forest-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ,  არსებული აგრო-კლიმატური სადგურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგრო-საწარმოებს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას, რაც შემდეგი ასპექტების მდგრად და გეგმიურ  განვითარებას უზრუნველყოფს:

 

  • სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის მიმოხილვა, მონიტორინგი და დაგეგმარება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მრავალფუნქციურობის გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის და სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სექტორის მდგრადი განვითარება.
  • სასოფლო სამეურნეო წარმოების სრულყოფა
  • აგრო კლიმატური მონაცემების ინფორმაცის გამოყენება და სწავლება სოფლის მეურნეობის მართვისა და განვითარებისათვის.
  • მცენარეების გენეტიკური რესურსების რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისათვის.
  • კომპლექსური ბრძოლა მავნებლებთან, რომლებიც ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
  • წარმოების გაზრდის მიზნით მცენარეების მდგრადი განვითარება
  • კლიმატური ცვლილებების ზემოქმედების კომპლექსური გაგების გადაფასება და კლიმატური მონაცემების გამოყენება წარმოების გაზრდის მიზნით.
  • სტანდარტიზაციისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებას

„ჩვენი ფონდის მოწვევით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო აგროექსპერტი ეწვია და საქართველოს აგრო პერსპექტივები შეისწავლა. ყველა მოწვეული ექსპერტი საქართველოს  შესახებ  მომზადებულ ანგარიშში  ცალსახად აღნიშნავს, რომ ქართული  სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი  ხელისშემშლელი ფაქტორი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე და ნიადაგების არასაკმარისი მონიტორინგია.  ფონდმა Your Forest-მა სწორედ  ამ  ანგარიშების  და  რეკომენდაციების  საფუძველზე  გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის დაგეგმვა. არსებული აგრო-კლიმატური სადურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს, არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგროსაწარმოს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას.“_ აღნიშნავენ ფონდში.



Facebook
YouTube
EnglishUSA