კვლევით ცენტრში ფონდმა Your Forest აგრო-კლიმატური სადგურების პროექტის პრეზენტაცია გამართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, მცხეთა–მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი, ასევე ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმოადგენლები.
როგორც პრეზენტაციაზე ფონდის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, აგრო-კლიმატური სადგურების ქსელის დანერგვა საქართველოს აგროსექტორში მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინი სადგურების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მოსავლის დაზიანების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და მოსავლიანობის ეფექტურ ზრდას განაპირობებს.
ფერმერი ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სავარგულის ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექების რაოდენობის და ამინდის მოსალოდნელი ცვალებადობის შესახებ.
Your Forest-ის დამფუძნებლების განმარტებით, არსებული აგრო-კლიმატური სადგურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგრო-საწარმოებს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას, რაც შემდეგი ასპექტების მდგრად და გეგმიურ განვითარებას უზრუნველყოფს:
· სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის მიმოხილვა, მონიტორინგი და დაგეგმარება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მრავალფუნქციურობის გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის და სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სექტორის მდგრადი განვითარება.
· სასოფლო სამეურნეო წარმოების სრულყოფა
· აგრო კლიმატური მონაცემების ინფორმაცის გამოყენება და სწავლება სოფლის მეურნეობის მართვისა და განვითარებისათვის.
· მცენარეების გენეტიკური რესურსების რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისათვის.
· კომპლექსური ბრძოლა მავნებლებთან, რომლებიც ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
· წარმოების გაზრდის მიზნით მცენარეების მდგრადი განვითარება
· კლიმატური ცვლილებების ზემოქმედების კომპლექსური გაგების გადაფასება და კლიმატური მონაცემების გამოყენება წარმოების გაზრდის მიზნით.
· სტანდარტიზაციისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებას
„ჩვენი ფონდის მოწვევით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო აგროექსპერტი ეწვია და საქართველოს აგრო პერსპექტივები შეისწავლა. ყველა მოწვეული ექსპერტი საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე და ნიადაგების არასაკმარისი მონიტორინგია. ფონდმა Your Forest-მა სწორედ ამ ანგარიშების და რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის დაგეგმვა. არსებული აგრო-კლიმატური სადურების მონაცემების გამოყენება დიდ სარგებელს მოუტანს, არა მხოლოდ კერძო ფერმერს, ან აგროსაწარმოს, არამედ მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობას.“_ აღნიშნეს პრეზენტაციაზე ფონდის ხელმძღვანელებმა.



Facebook
YouTube
EnglishUSA